f
შაბათი 20, აპრილი 2024

11-12 მარტის ორგანიზებაში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდეს

26, აპრილი 2017

11-12 მარტს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარის გამო სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომლებიც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მორიგი პროცესი 20 ივნისს, 12 საათზე ჩაინიშნა. 

პროკურორების განცხადებით, ძალადობრივ აქციაში მონაწილე პირებს პატიმრობა უნდა შეეფარდოთ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი - 1985 წელს დაბადებული მერაბ ღოღობერიძე  და 1987 წელს დაბადებული ირაკლი ჩხვირკაია დააკავეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პირები  სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით არიან დაკავებული, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა.